2019-10-30 16:16:40
ანაკლიის კონსორციუმმა, შესაძლოა, სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლოს

არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს -  ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც ახვლედიანი განმარტავს, კონსორციუმს საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლის მკაფიო საფუძველი აქვს. 

„თუ მოხდა ისე, რომ მთავრობამ ხელშეკრულება გაგვიწყვიტა და თავის სცენარს მიჰყვა, ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდეთ. ჩვენ ძალიან მკაფიო საფუძველი გვაქვს ამის გასაკეთებლად, თუმცა ჩვენ არ გვინდა, არ ვაკეთებთ ამას, იმიტომ არა, რომ პროექტი ვერ შევასრულეთ და ავანტიურულად ვამბობთ, რომ ხელშეკრულების პირობები დავარღვიეთ.  არბიტრაჟს, დაახლოებით, წელიწადნახევარი - ორი წელი დასჭირდება. რას მოიმოქმედებს მთავრობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ახვლედიანმა. 

ამასთან, ანაკლიის კონსორციუმის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში არ უნდა გადაიზარდოს.

 „არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. ჩვენ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის, რადგან ეს სტრატეგიული და ჩვენი ქვეყნის მომავლის პროექტია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.   

ამავე თემაზე