2019-10-30 14:24:56
მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანი ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზად არის, რომ რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე - თურნავა

მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანი ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზად არის, რომ რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება. მან გამოიჩინა ეს ინიციატივა. რა ფორმით მოხდება ეს, როგორ მოხდება, რა ვადებში და ა.შ. ეს არის ის დეტალები, რომლებზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ იმიტომ, რომ ეს ინიციატივა გაჟღერდა გუშინ, მაგრამ მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზად არის, რომ რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე, სისტემური მიდგომა შეკრას და ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს სხვა ბიზნესებთან ერთად.

მოხერხდა გარკვეული წერტილოვანი პრივატიზებები, მაგრამ ეს არის ალბათ, მხოლოდ 10% იმ საპრივატიზაციო ობიექტების, რაც იყო გატანილი და იქაც თუ შეხედავთ, ინვესტორები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს არის ძალიან დიდი ამოცანა. დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული, ბიზნესრისკებთანაც არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ცალკეული ინვესტორები ამას ვერ უმკლავდებიან. ამიტომ, გამოიკვეთა აუცილებლობა ასეთი სისტემური მიდგომის და მძლავრი ინიციატივის, რომელიც ნაწილ რისკებს თავის თავზე აიღებს, შეასრულებს ყინულმჭრელის ფუნქციას", - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე გამორიცხავს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მოხდება კანონთან შესაბამისობაში. 

"აქ მთავარი ის არის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და არა - დავუშვათ ასეთი მცირე დეტალები", - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე