2019-10-30 10:42:50
ვითხოვთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდეს მეტი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კელი დეგნანი

ვითხოვთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდეს მეტი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, სენატორების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან შემაშფოთებელია ის ზეწოლა, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოზე გრძელდება. ჩვენ ეს დავინახეთ აგვისტოში. დაძაბულობის ესკალაცია მოხდა, როდესაც საქართველომ პოლიციის საგუშაგოს მოწყობა სცადა. ჩვენ გვაქვს ჟენევის დისკუსიების მექანიზმი, რომელიც დაძაბულობის განმუხტვისთვის არის შექმნილი. თუმცა, ზოგიერთი მექანიზმის შესაძლებლობები, მაგალითად როგორიცაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სრულად არაა გამოყენებული და ჩვენც და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა მონაწილეებიც მუდმივად ვცდილობთ გავააქტიუროთ ეს მექანიზმი. ვითხოვთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდეს მეტი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, შესაძლებელია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შექმნაც, რომ მეტ გამჭვირვალობას მივაღწიოთ და გავიგოთ, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, ვიპოვოთ გამოსავალი ადგილზევე. ეს ძალიან დაგვეხმარებოდა რუსეთის აგრესიისა და კონტროლის გატეხვაში. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დახმარება, რომელიც შეგვიძლია, საქართველოს გავუწიოთ, არის მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება. ჩვენ ასევე უნდა მოვუწოდოთ რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა დეგნანმა.

ამავე თემაზე