2019-10-23 14:39:40
ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენ სახეს მიხედე... მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად - ბესელია მათიკაშვილს (ვიდეო)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ ეკა ბესელიას სიტყვებს მოჰყვა, როდესაც ბესელიამ სილაგაძეს ჯალათი, არაჰუმანური და არაკომპეტენტური უწოდა, რა დროსაც საუბარში მათიკაშვილი ჩაერთო და დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა. 

„ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა”,- განაცხადა ბესელიამ.

მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა და „კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენდა სახეს“.

„ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენ სახეს მიხედე. შენნაირი მედროვეები აზიანებენ პარლამენტსაც და გუნდსაც”,-განაცხდა ბესელიამ.

ამის შემდეგ მათიკაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ბესელიას, თავი შეეკავებინა და აღნიშნა, რომ „თუ თავის შეკავება არ შეეძლო”, დარბაზი დაეტოვებინა, რაზეც ბესელიამ აღნიშნა, რომ „ამ სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა“.

„სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი”,- განაცხადა ბესელიამ.   

ამავე თემაზე