2019-10-22 18:52:41
არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესებზე — დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც დღეს დაინიშნა აღნიშნულ პოსტზე, აცხადებს, რომ თუ არ გვინდა ტარიფები გაგვიძვირდეს, მაშინ ჰესები უნდა ავაშენოთ. ნარმანიამ ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობის ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე", — აცხადებს ახლადდანიშნული ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ არასწორია, როცა საკითხში გაურკვეველი პირები "ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს". მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასაც, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, სჭირდება ენერგია და ხშირ შემთხვევაში იძახიან, რომ სჭირდებათ იაფი ენერგია.

"ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ძალიან იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია კიდევ უფრო გაგვიძვირდება მომავალში", — აცხადებს ის.

ჰესების მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუდმივად პროტესტის მიზეზი ხდება. მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფისა და ისტორიული ძეგლების ან საცხოვრებლების დატბორვის მოტივით ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. ბოლოს ყველაზე დიდი დაპირისპირება პანკისში ჰესის მშენებლობას მოყვა.

ამავე თემაზე