2019-10-22 18:39:07
საზოგადოება „მუქარის წერილის დედანთან” დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაელოდოს -ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება „მუქარის წერილის დედანთან” დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაელოდოს.ის ასევე აღნიშნავს, რომ საექსპერტო პროცედურები ამომწურავად უნდა ჩატარდეს.

“მეორე საკითხია, რამდენად სანდოა მამუკა ხაზარაძის განცხადებები, ვინაიდან პოლიტიკურ კონტექსტში მისი პოლიტიკური განცხადებები არა მხოლოდ დამაჯერებელი არ იყო, არამედ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები გააჟღერა. ცხადია, გამოძიებას თავისი წესი, მოთხოვნები აქვს და ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგამოძიებო უწყებაში ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება წარადგინეს.

საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ „მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მასზე ეფექტური კვლევების ჩატარებას ართულებს.

ამავე თემაზე