2019-10-22 18:09:16
უფრო ემოციური შეფასებაა - ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებაზე

საზოგადოებრივი მოძროაბა „ლელოს“ ოფისში მოძროაბის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ,,მუქარის წერილთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. 

„მოვისმინე პროკურატურის განცხადება და მგონია, რომ უფრო ემოციური შეფასებაა. ჩვენ ველით, რომ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ და გამოიძიებენ იმ მასალებს, რომლებიც მათ გადაეცათ, ასევე ჩაატარებენ სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც. ველით პროკურატურისგან მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას," - განაცხადა ჯაფარიძემ.  

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილის დალუქვა უკვე განხორციელდა.  მათივე ცნობით, უწყება წარმოდგენილ მასალებს დეტალურად შეისწავლის.

"დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.

2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, "მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.  

ამავე თემაზე