2019-10-22 17:21:45
თქვენი ადგილი უნდა იყოს ციხეში - ფოფხაძე მიქაუტაძეს

თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მიქაუტაძე იყო ე.წ. სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე. 

„ჩვენ გვინდა ჩვენ ხალხთან ვიყოთ პირნათელი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეღავათი იყო თქვენთვის ის, რომ დარჩით მოსამართლედ და ხართ უვადო მოსამართლე. ამის მერე თქვენი უზენაეს სასამართლოში გამწესება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც 9 წლის განმავლობაში ითმენდა იმ რეჟიმს, რომელზეც თქვენ არც გსურთ საჯაროდ თქვათ, რომ იყო ავტორიტარული, მაგრამ გინდათ იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. რატომ უნდა იყოთ იმის მერე მოსამართლე, რაც იყავით სააკაშვილის დროს მოსამართლე? რა მორალური უფლება გაქვთ? ვინ გაგირიგდათ თქვენ, რომ იყოთ მოსამართლე მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმის მსახური იყავით? თქვენ ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით ის მოსამართლეები, რომლებსაც თანამდებობების გარდა არაფერი გაინტერესებდათ. ის „კლანიც“ მაგ გენეტიკითაა ფორმირებული, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, „კლანი“, რომლის ამოცანაცაა დააშანტაჟოს ქართველი ხალხი და ამის ხარჯზე მიიღოს თანამდებობები“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ, რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ მოსამართლე 2012 წლის იანვრიდანაა, მანამდე კი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.  

ამავე თემაზე