2019-10-21 18:21:36
ლენტეხში მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ შადრევანი დალის ქანდაკების გარეშე დადგეს

ლენტეხში, სადაც შადრევანზე ქართული მითოლოგიის პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, მონუმენტი დალის გარეშე დადგეს.

შადრევნის დადგმას წინ უძღოდა მიტროპოლიტ სტეფანეს კრიტიკა, რომელიც მონუმენტს კერპად მიიჩნევდა. როგორც  ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, ქანდაკების საბოლოო ესკიზი უფრო მოეწონათ და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს, თუმცა ადასტურებს, რომ მიტროპოლიტის აზრიც გაითვალისწინეს:

“ასე უკეთესი პროექტი გამოგვივიდა და ასე დავაკორექტირეთ. უფრო ლამაზი ასე გამოდიოდა, მაშინ შადრევანი არ გამოდიოდა კარგად. შევარჩიეთ, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და გავაკეთეთ ისეც. მეუფე სტეფანეს რომ არ მოსწონდა, იმიტომ არ მომხდარა, ჩვენ აუცილებლად შადრევანი გვინდოდა. დალი რომ დამონტაჟებულიყო, ასეთი ლამაზი არ გამოდიოდა. მეუფეს აზრიც გავიზიარეთ, არ შეიძლება, მეუფეს აზრი რომ არ გავითვალისწინოთ, ყველანი ქრისტიანები ვართ. მაინცდამაინც ვინმეს კაპრიზი რომ ყოფილიყო, ასე არ მომხდარა “, – ამბობს ლენტეხის მერი.

მუნიციპალიტეტმა ქალაქის ცენტრში შადრევნის განთავსებაზე 188 417- ლარიანი ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა. ტენდერის გამარჯვებული  კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ გახდა. თუმცა კომპანიის მიერ წაემოდგენილი ესკიზი მერიამ დაიწუნა.

შეგახსენებთ მიტროპოლიტი სტეფანე აღნიშნავდა, რომ დალის ქანდაკების დადგმა კერპთაყვანისმცემლობაა. მიტროპოლიტმა თავისი პოზიცია მერიასაც გაუზიარა.

ეს არის პირველადი რენდერის ფოტო:

 

შადრევნის საბოლოო ვერსია კი ასე გამოიყურება:


 

ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ამავე თემაზე