2019-10-21 15:55:09
არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეთ - ლევან გოგიჩაიშვილი

არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეთ, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს არ აქვს ამ ეტაპზე ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა გახდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე.

„თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდით კანცელარიაში, შემდეგ ხდებით მოსამართლე და სამი წელიც არ არის გასული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. ჩვენ გვინდოდა იუსტიციის საბჭო არ ყოფილიყო მთავარი ფილტრი კანდიდატთა შესარჩევად და ყოფილიყო პარლამენტი. როდესაც თქვენსა და ნუნუ კვანტალიანს შორის იქნებოდა არჩევანი, ბუნებრივია მარტო გამოცდილებისა და გაბედული ნაბიჯების თვალსაზრისით თუ ვიხელმძღვანელებდით, შეიძლება პარლამენტის წევრს სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღო. ეს იმას არ გამორიცხავდა, რომ 10 და 15 წლის შემდეგ გეცადათ თქვენი თავი ამ თანამდებობაზე.

ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო თანაშემწედ, სავარაუდოდ, კლანის წევრის რომელიმე თანაშემწე იყავით, და არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატს ღიად რომ ეთქვა, რომ სასამართლო პირდაპირ ვერტიკალში იყო წინა ხელისუფლებასთან, მიიღებდა მის მხარდაჭერას.

ამავე თემაზე