2019-10-21 15:19:11
შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე ვერ აკმაყოფილებენ არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც - კახიძე

შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე ვერ აკმაყოფილებენ არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

„წინა საკომიტეტო კვირას, ჩვენ მოვუსმინეთ ხუთ კანდიდატს და „ევროპულმა საქართველომ“ ხუთივე შეაფასა. „ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ კადიდატებიდან თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესაბამის კრიტერიუმებს. რაც შეეხება, მაია ვაჩაძეს ის აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის სტანდარტებს, თუმცა კეთილსინდისიერების კრიტერიუმში ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, რომელსაც მიგვაჩნია, რომ უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მას აქვს განხილული „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც ძალიან პრობლემური საქმეა. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დიდმა პალატამ აღნიშნული საქმე, სადაც მაია ვაჩაძე მონაწილეობდა და მან დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა ამის საჭიროება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ძალიან დაბალი სტანდარტი აჩვენეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ზაზა თავაძემ და შალვას თადუმაძემ.

„რაც შეეხება თადუმაძესა და თავაძეს, აქ ზოგადად ძალიან დაბალი სტანდარტი გვქონდა როგორც კომპეტენციის კუთხით, ისე კეთილსინდისიერებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. ამიტომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც. რაც შეეხება ბოლო კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელმაც მიიღო მინიმალური შეფასებები, ეს არის კანდიდატი, რომელმაც სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ და ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების შინაარსი. მას არ ესმის რა არის გამოხატვის თავისუფლება, ელემენტარულ კითხვებსაც ვერ გასცა პასუხი“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება და „ევროპული საქართველო“ საკუთარ შეფასებებს თითოეული რაუნდის შემდეგ წარადგენს.

ამავე თემაზე