2019-10-21 15:12:49
ქვეყანა, ქვეყანას რომ ჰგავდეს, დღეს კახა კალაძე უნდა იდგეს პროკურატურაში და „ფულის გათეთრების“ საქმეზე პასუხებს სცემდეს - ირაკლი ნადირაძე

ეს ქვეყანა, ქვეყანას რომ ჰგავდეს, დღეს კახა კალაძე უნდა იდგეს პროკურატურაში და „ფულის გათეთრების“ საქმეზე პასუხებს უნდა სცემდეს, - აღნიშნული განცხადება, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„ეს ქვეყანა ქვეყანას რომ ჰგავდეს, პროკურორი - პროკურორს, გამომძიებელი-გამომძიებელს, მოსამართლე - მოსამართლეს, დღეს კახა კალაძე უნდა იდგეს პროკურატურაში და ფულის გათეთრების საქმეზე პასუხებს უნდა სცემდეს. აქ საკრებულოში მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილებოდეს. მაგრამ თუ ვინმე მართლა მასხარაობს და სამასხაროდ აქცია ქვეყანა, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, ეს არის „ქართული ოცნება". შეიძლება თქვენ გემასხარავებათ, მაგრამ ხალხს სამასხაროდ საქმე არ აქვს. ხალხს აქვს უკიდურესი გაჭირვება, არ მომატებიათ პენსია, გაუძვირდათ გადასახადები, პროდუქტები. კალაძე ზენიტშიაო რომ ამბობთ, საცობების, პარკირების, სოციალური, დასუფთავების პრობლემები კიდევ უფრო მწვავეა.

იმის ნაცვლად, რომ თქვენ, დეპუტატები დაბრძანდებოდეთ და აკეთებდეთ გასაკეთებელს, ჩვენ რომ მივდივართ და ვიდეოებს ვწერთ, ეს არის თურმე მასხარაობა. ჩვენი მოვალეობაა სადაც პრობლემაა, ყველგან მივიდეთ. ჩვენი დანახვა არ გინდათ, ჩვენი სიმართლის მოსმენა არ გინდათ იმიტომ, რომ დაბრმავებული ხართ, მათ შორის იმ ნაკეთები საქმეებით, რომელსაც თქვენ ვერასოდეს გაიმეორებთ, ვერ დაეწიეთ და ვერ დაეწევით. თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, სადაც ხალხის პრობლემაა, იქ ვიქნებით",- განაცხადა ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის ამ განცხადების შემდეგ, საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა.

ამავე თემაზე