2019-10-21 14:35:05
“მე მგონია, რომ არ გვჭირდება” – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ლუსტრაციის კანონზე

მე მგონია, რომ არ გვჭირდება - ასე პასუხობს კითხვას, საჭიროა თუ არა საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე, რომელიც მას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ მიქაბერიძეს ჰკითხა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ თუ არა სასამართლო სისტემაში მოსამართლეები, რომელთაც საბჭოთა კავშირში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, თუ უნდა გათავისუფლებულიყვნენ დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ეს პატრულის რეფორმის დროს მოხდა 16 000 მილიციელთან მიმართებაში. გოცირიძემ ლევან მიქაბერიძეს ჰკითხა, მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, გადადგამდა თუ არა ასეთ ნაბიჯს?

“ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა მართებული კონკრეტული პრობლემის ამგვარად გადაწყვეტა. მოსამართლეებსაც [ვგულისხმობ] და პატრულსაც”, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გდრ-ის ყველა მოსამართლე გაათავისუფლეს და შეცვალეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქმედი მოსამართლეებით. უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის აზრით, ეს გადაწყვეტილებაც სამართლიანი ვერ იქნებოდა.

“სამართლიანი, ალბათ, ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ყველა საკითხის გადაწვეტას აქვს წინაპირობები, რომლის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ესა თუ ის გადაწყევტილება. თქვენც ბრძანეთ, რომ იმ მოსამართლეებს შორის შეიძლება ბევრი ყოფილიყო ღირსეული, რომელიც არ იმსახურებდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას. საკითხის ფორმალური გადაწყვეტა კარგი სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ანუ ნებისმიერ გადაწყევტილებას საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი წინაპირობები, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და არა ზოგადად, ერთი ხელის მოსმით ყველა ადამიანის გაიგივებით და მათზე ერთი გადაწყვეტილების მიღებით”, – განაცხადა მიქაბერიძემ.

რომან გოცირიძე, ასევე, დაინტერესდა საჭიროა თუ არა საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება.

“მე მგონია, არ გვჭირდება. თავის დროზე შეიძლება გვეფიქრა, არ ვიცი”, – აღნიშნა მიქაბერიძემ.

ამავე თემაზე