2019-10-21 14:07:23
რატომ გაგიტაცათ მეტეოროლოგია – კლიმატოლოგიის სპეციალობამ? - ბესელია უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს

რატომ გაგიტაცათ მეტეოროლოგია – კლიმატოლოგიის სპეციალობამ? - ამ კითხვით მიმართა, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს. დამოუკიდებელი დეპუტატი დაინტერესდა თუ, რატომ მიიღო მან ეს განათლება.

„გარდა იმისა, რომ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული, რატომ გაგიტაცათ მეტეოროლოგია – კლიმატოლოგიის სპეციალობამ? რომელიც 2005 წელს დაამთავრეთ“, – მიმართა ეკა ბესელიამ ლევან მიქაბერიძეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლეობის კანდიდატმა განმარტება გააკეთა:

„სასწავლებელი, სადაც მე ჩავირიცხე, მოვხვდი ფასიან სექტორზე, თუ სწორად მახსოვს 2 ქულა დამაკლდა. შემდგომ გადავედი დაუსწრებელზე. ჩემს ოჯახს არ გააჩნდა იმხელა შემოსავალი, რომ უზრუნველყო ჩემი სწავლის საფასურის გადახდა, ჩემი მგზავრობა, და ა.შ. ამიტომ, უნივერსიტეტში იყო ასეთი პროფილი, თუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ნებისმიერ ფაკულტეტზე ჩავირიცხებოდი უფასო განყოფილებაზე, სწავლის საფასური გამინახევრდებოდა იურიდიულ ფაკულტეტზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამგვარად მეცადა ბედი, რომ ფინანსური ტვირთი მომეხსნა და ამან განაპირობა, რომ ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მეტეოროლოგია და კლიმატოლოგიის სპეციალობით. პირველი სემესტრი დავხურე ფრიადზე, რამაც განაპირობა, რომ დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლის საფასური გამინახევრდა, და 800 ლარის ნაცვლად 400 ლარს ვიხდიდი“, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

ამავე თემაზე