2019-10-21 13:13:39
პრემიერთან შეხვედრაზე "ინვესტორთა საბჭოს" ფუნქციასა და მნიშვნელობას გავუსვამთ ხაზს - მაიკლ ქოუგილი

პრემიერთან შეხვედრაზე "ინვესტორთა საბჭოს" ფუნქციასა და მნიშვნელობას გავუსვამთ ხაზს - ამის შესახებ განცხადება, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და AMCHAM-ის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილიმ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის "ინვესტორთა საბჭოს" ფორმატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

"ეს მესიჯი არის ის, რაც ეკონომიკის მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ. ჩვენ ბიზნეს ასოციაციებმა სახელმწიფოსთან მხარდამხარ მუშაობით უნდა მოვაგვაროთ საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელვანია და ამ გზით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ბიზნეს გარემოს განვითარებას, რომ ის უცხოური ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. მეორე საკითხი, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე გავუსვამთ ხაზს, არის "ინვესტორთა საბჭოს", მისი ფორმატისა და ფუნქციის მხარდაჭერა. "ინვესტორთა საბჭო" არის ინსტრუმენტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბიზნეს სექტორი პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა მინისტრებთან ერთად საქმიან გარემოში განიხილავენ ქვეყნის ბიზნეს გარემოში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და დაგეგმილ ცვლილებებს. შესაბამისად, ახალ პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანია რომ საბჭოს ფორმატში მუშაობა გაგრძელდეს",- ამბობს ქოუგილი

AMCHAM-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შესახებაც საუბრობს. მაიკლ ქოუგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს უცხოეთში ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი.

"აშშ-დან ახლახანს ჩამოვედი. საქართველოს ელჩთან ერთად ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია უცხოეთში საქართველოს შესახებ, მისი ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს. საქართველოს აქვს მრავალი შესაძლებლობა, აქ მოქმედებს დაბალი საგადასახადო განაკვეთი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებმა იცოდნენ აქ არსებული შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ის საქმე, რასაც ჩვენ ბიზნეს ასოციაციები და მთავრობა მუდმივად ვაკეთებთ, მაგრამ ამ მხრივ მეტი ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი",- აცხადებს მაიკლ ქოუგილი

ამავე თემაზე