2019-10-17 15:20:07
შსს-მ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა (ვიდეო)

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შესახებ.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1981 წელს დაბადებული ა.ე., 1978 წელს დაბადებული ფ.თ., 1981 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ა.ი. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში ედებათ. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 20 ათას 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო",განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ. 

მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26,2 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი "კოკაინი", 13700 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 23,1 კილოგრამი „მდმა“ 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.

ამავე თემაზე