2019-10-16 19:50:38
რა თქვა შვეიცარიის წარმომადგენელმა რუსეთის დუმის სპიკერთან საქართველოში ფრენების აკრძალვაზე

შვეიცარიის კანტონების საბჭოს თავმჯდომარემ ჟან-რენე ფურნიემ რუსეთის დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან 15 ოქტომბრის შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტაზე ისაუბრა.

შეხვედრის შესახებ რუსეთის დუმის ტელეარხმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, ასევე შეხვედრის ამსახველი ვიდეოფრაგმენტი. ამ ფრაგმენტში ფურნიეს საუბარს თან ახლავს რუსული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს იმას, რომ ფრენების აკრძალვამ საქართველოში “ანტირუსული პროპაგანდა გააძლიერა”.

რუსული თარგმანის მიხედვით, ფურნიემ შემდეგი რამ თქვა:

“გარკვეული პერიოდის წინ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელმაც, ჩვენი აზრით, ნეგატიური ზეგავლენა იქონია და ამას აჩვენებს ასევე ის ანალიზი, რომელიც ადგილზე შესრულდა – ეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამ მხოლოდ გარკვეულწილად უფლება მისცა იმ უმცირესობას, რომელსაც რუსეთის მიმართ გულში კარგი დამოკიდებულება არ უდევს… და მით უფრო, ამ გადაწყვეტილებამ  მათ იდეებსა და პროპაგანდას გაძლიერების საშუალება მისცა. ამან, თავის მხრივ, ზიანი მიაყენა მათ, ვინც გამოდიან რეალისტური, პრაგმატული გადაწყვეტილებისთვის და ურთიერთობისთვის, და ვინც არის არა ანტირუსულად, არამედ პირიქით განწყობილი”.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ჟან-რენე ფურნიერ ციტატა რუსულად რამდენად ზუსტად იყო ნათქვამი და ნამდვილად ისაუბრა თუ არა მან საქართველოში “ანტირუსული პროპაგანდის” გაძლიერებაზე. ჩვენ ამის გასარკვევად დავუკავშირდით შვეიცარიის საელჩოს საქართველოში.

საელჩოდან მიღებულ წერილში უარყოფილი არ არის რუსეთის მიერ გავრცელებული თარგმანის შინაარსი.

“რუსეთის დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე ჟან-რენე ფურნიემ, შვეიცარიის კანტონების საბჭოს თავმჯდომარემ ნამდვილად წამოწია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხი. მან აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისის გაუქმებამ მძიმე შედეგები იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობებზე. მან მოუწოდა ფრენების სწრაფი აღდგენისაკენ და ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაგრძელებისაკენ”, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოდან ნეტგაზეთში გამოგზავნილ წერილში.

 

 

 

 

წყარო:ნეტგაზეთი

ამავე თემაზე