2019-10-09 11:06:02
მეც გამიკვირდა, რომ გომურს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს - კალაძე

გულწრფელად ვიტყვი, მეც გამიკვირდა. თუმცა, როდესაც დღეს განმარტებები გაკეთდა, გავიგეთ, რომ პროცესი მიდის, - ამის შესახებ განცხადება, ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა რეაქციში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მან არ იცოდა იმის შესახებ, რომ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული.

მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 20 ივნისის აქციის დაშლიდან, თითქმის, ოთხი თვის თავზეც არ მიანიჭა. აქციის დაშლისას ორივე მათგანმა თვალი დაკარგა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსს განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ მიანიჭებენ. პროკურატურის განცხადებით, პირების მიმართ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. მათივე თქმით, თითოეულ ამ პირის მიმართ გამოძიება სწავლობს გამოიყენეს თუ არა უკანონოდ სპეციალური საშუალებები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მათ შორის დაზარალებულად ცნობილი არაა, მაკო გომური და გიორგი სულუაშვილი. ორივე მათგანმა აქციის დაშლისას თვალი დაკარგა მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

ამავე თემაზე