2019-10-09 10:22:08
"ენმ" მოითხოვს, რომ თადუმაძემ მოხსნას კანდიდატურა და გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება იმპიჩმენტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა, მოითხოვს რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის გასაუბრება საერთოდ არ შედგეს, ვინაიდან დიპლომი არის ყალბი და მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას კანდიდატურა და გადადგეს პროკურორის პოსტიდან.

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომის საკითხი იმ დაწესებულებიდან, რომელიც დარეგისტრირდა 1994 წელს, თუმცა, ის იქ ირიცხებოდა 1993 წლიდან, როგორც სტუდენტი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს: ეს არის 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს თბილისის ჰუმანტიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ის გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. ახლა რა სახელია მითითებული შალვა თადუმაძის თითქოს 1998 წელს გაცემულ დიპლომში?! არა ის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას 1998 წელს ერქვა, არამედ ის სახელი, რომელიც მას 5 წლის შემდეგ უნდა მინიჭებოდა. ანუ დიპლომის გამცემმა იცოდა წინმსწრებად, 5 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით რა სახელი უნდა მინიჭებოდა ამ დაწესებულებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან. სხვაგვარად, მივმართავთ პარლამენტს, რომ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გასაუბრება საერთოდ არ უნდა შედგეს. მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება  მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების  თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი  1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

ამავე თემაზე