2019-10-08 16:55:36
დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული და ამავე საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი ბრალს არ აღიარებენ - ადვოკატი

დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ასათიანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი, იმედა ბეროშვილი აცხადებს. წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და ასევე დუმილის უფლებით სარგებლობს დაკავებული პოლიციელი - დავით მიროტაძე. მისი ადვოკატის, მერაბ მამულაძის განცხადებით, ის ჯერ არ გაცნობია საქმის მასალებს და დეტალურ განმარტებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს. 

 ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მკვლელობის დროს ბრალდებული ასათიანი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს დაკავებული სანართალდამცველი დავით მიროტაძეც. მიროტაძეს ბრალად 35 წლის მამაკაცისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. მიროტაძის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა პირველ არხთან დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიების მიერ ძებნილ ზურაბ ჯღარკავასთან ნათესაური კავშირი აქვს. ჯღარკავას გამოძიება მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე რუსთავის სასამართლოსში სხდომა 16:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა ხვალ 11:00 საათზე გადაიდო.

7 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი ასათიანს კი, ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

 

ამავე თემაზე