2019-10-07 16:25:07
რა იცოდა ივანიშვილმა ზარდიაშვილზე?

ვანო ზარდიაშვილი პარტია “ქართულ ოცნებას” არ ტოვებს. თუმცა აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” სიაში არ იქნება.

“პარტიას არ ვტოვებ. პირიქით, თუ რამით შემეძლება, ყველანაირად დავუდგები “ქართული ოცნების” გუნდს გვერდში. ცოტა ხანი დავისვენებ. სამუშაოს მოძებნა არ გამიჭირდება, არც საჯარო სექტორში და არც კერძო სექტორში”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და პარტიის ხელმძღვანელობას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

“ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით როგორც პარტიის ხელმძღვანელობას, ასევე, პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს პოზიცია განაპირობა იმან, რომ ხანდახან დგება მომენტი, როდესაც თანამდებობაზე უარი უნდა თქვა, როცა შენი ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს განაცხადა და ამის საფუძვლად მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია დაასახელა. ზარდიაშვილის თქმით, არ სურს იყოს “პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას მასზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ”.

ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეკა ბესელიასთან დაპირისპირება. 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.   

ამავე თემაზე