2019-10-07 12:00:30
გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემქნილი დაძაბული ვითარება, ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში - ზურაბიშვილი

გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემქნილი დაძაბული ვითარება, ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინამიერთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მისი თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კონფლიქტურ სიტუაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია დეესკალაცია და რაიმე გამოსავლის ძებნა ამ მიმართულებით.

„ჩვენი ამ წელს მეოთხე შეხვედრა გვქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, მაგრამ ამ წელს და ამ ფორმატში მისი პირველი ვიზიტია. ჩვენ პირველ რიგში კონფლიქტურ სიტუაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბრეთ. იმ აუცილებლობაზე, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ ჩვენს პარტნიორებთან, რომ აუცილებელია, სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ უკრაინის კონფლიქტთან ერთად, საქართველო არ იყოს მივიწყებული, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ზაფხულს შემქნილი საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში. აუცილებელია დეესკალაცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რაიმე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს. მაგრამ ასევე სხვა ფორმატებში, სადაც შეიძლება იყოს განხილული სხვა კონფლიქტებიც. ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდა, როგორც პირველი დეესკალაციის ერთ-ერთი ზომა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადებების დროს.

ამავე თემაზე