2019-10-03 11:33:05
პრემიერის დავალებაა, გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან - თურნავა

პრემიერის დავალებაა, გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მინისტრის თქმით, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი.

“დავალება არის, რომ გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და ჩვენ პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან. ჩვენს სამინისტროს აქვს ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი. რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული.

მზადაა თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაწვრილებით მოგახსენოთ რა დასკვნებამდე მივდივართ, რა პრობლემების იდენტიფიკაციამდე მივდივართ და როგორც ვაპირებთ რომ გავამარტივოთ რეგულაციები.

ამ დღეებში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით – 183 ქვეყანას შორის ჩვენ 12-ე ადგილზე ვართ. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის მარტივი რეგულაციები. თუმცა აქაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სასარგებლო შეხვედრები იქნება” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამავე თემაზე