2019-09-30 16:20:11
არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს - თურნავა ლარის კურსზე

არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ფუნდამენტური პარამეტრები მართლაც ჯანსაღია. სულ ახლახანს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა და აგვისტოში არის საკმაოდ მაღალი, 5.8% ზრდა. 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ სჭირდა და პირიქით, ეს ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს და ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იყოს იმისთვის, რომ გზები, გაზი, წყალი და ეს სიკეთეები მივიტანოთ მოსახლეობამდე.

მეორეა ეროვნული ბანკის საკმაოდ აქტიური პოზიცია. საკმაოდ კარგ კოორდინაციაში ვართ ეკონომიკური პროფილის უწყებები, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მათ აქვთ თავის ხელთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული კორექტირება გააკეთონ და ამ ბოლო დროს ეს გამოჩნდა კიდევაც. მინდა გავიზიარო ჩემი კოლეგების ოპტიმიზმი ლარის კურსთან მიმართებაში. ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დროდადრო არის გამოწვევა განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც დამოკიდებულია უფრო მეტად დოლარზე თუმცა, მათი რიცხვიც ნელ-ნელა კლებულობს დედოლარიზაციის პროცესით. არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს. აქედან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტენდენცია გამყარების დაიწყო. ეს ტენდენცია იქნება მზარდი და განვრცობადი“, - განაცხადა თურნავამ.

ამავე თემაზე