2019-09-25 12:22:33
მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში - EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, თუ მივაგნებთ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას”, - ამბობს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელსაც მაყურებელი პარასკევს, 27 სექტემბერს tv “პირველის” ეთერში გავა. ეს ამ რანგში იურგენ რიგტერინკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს.

„გუშინ სომხეთში მქონდა შეხვედრები - იქაურ მთავრობასთან და ბიზნესწრეებთან და ისინიც გვარწმუნებდნენ, ეს პროექტი ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“ - ყვება EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი „ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კითხვაზე - რა ტიპის ჩართულობა იგულისხმება ანაკლიის პროექტში EBRD-ის მხრიდან და რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად კომერციულად გამართული გადაწყვეტა - EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი გვპასუხობს, რომ დეტალებს ჯერ ვერ გვეტყვის.

„ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას წყვეტს მთავრობა, რას წყვეტენ ამ პროექტის სპონსორები“ - ამბობს იურგენ რიგტერინკი და განმარტავს:

„იდეალურ სიტუაციაში, შესაძლოა, EBRD-ის მხარდაჭერა საჭირო არც გახდეს, რადგან ჩვენ განვითარების ბანკი ვართ. EBRD მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც კომერციულ ბაზარს არსებული პოტენციალის ათვისება არ შეუძლია. ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ - ჩნდება დამატებითი ჩართულობის საჭიროება. ჩვენ ვუთხარით  პრემიერმინისტრს, რომ თუ ანაკლიის პროექტთან მიმართებით კომერციული ბაზრის დანაკლისი ვერ შეივსება, მზად ვართ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩვენი როლი შევასრულოთ“.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს. მთავრობა ამბობს, რომ კონსორციუმმა ასევე უნდა მოაგვაროს საკუთარი კაპიტალის შევსების საკითხი, ჩაანაცვლოს „კონტი ჯგუფი“ და წარმოადგინოს ბანკებთან საბოლოო შეთანხმება, რასაც მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა დასჭირდება. 

ამავე თემაზე