2019-09-20 14:50:51
საქართველოს შეეძლო, რუსეთისთვის არ გადაეცა ეთნიკურად ჩეჩენი ახიადოვი – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების ფაქტს [1] და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველოს სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკები და ამ პირობებში ექსტრადიციის დაუშვებლობის პრინციპი და წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია.    

რამზან ახიადოვი 2017 წლიდან ამ დრომდე ქუთაისში ცოლთან და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის დეკემბერში იგი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, იგი იძებნებოდა ტერორისტული მოქმედებების ხელშეწყობის, არაკანონიერ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებების ორგანიზებისა და მსგავს მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისთვის. კერძოდ, რუსეთის ფერედაცია უთითებდა, რომ რამზან ახიადოვი 2013-2014 წლებში გაემგზავრა სირიაში და შეუერთდა ,,ისლამურ სახელმწიფოს“. ამის საპირისპიროდ, რამზან ახიადოვმა დაკავებისთანავე განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან 2013-2017 წლებში, იგი თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულები მან სასამართლოს წარუდგინა კიდეც. ამასთან დაკავებული განმარტავდა, რომ ის იდევნებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის კრიტიკის გამო, რის გამოც ის იძულებული გახდა საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო.

გასაუბრების ოქმში ახიადოვი კადიროვის მხრიდან შევიწროების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე უთითებდა და ამ ფაქტების დასადასტურებლად, მისი ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებული და მისი ადვოკატი ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესების ფარგლებში მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში რამზან ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რის გამოც, მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის დაუშვებელი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით ახიადოვმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება ითხოვა. თუმცა, მოთხოვნა ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მოგვიანებით კი ორივე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 რ. ახიადოვის მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დავის წარმოების პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი და ის დასაშვებად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით რ. ახიადოვის შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ იგი ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის მსხვერპლი გახდებოდა. ამასთან ერთად, სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ახიადოვის მიმართ უფლებების დარღვევის რისკი არ არსებობდა, რამდენადაც წარმოდგენილი იყო რუსეთი გენერალური პროკურატურის გარანტია, რომ ახიადოვი არ დაექვემდებარებოდა წამებასა და არასათანადო მოპყრობას, აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს საერთაშორისო და ევროპული ვალდებულები ადამიანის უფლებების სფეროში და ეს ვალდებულებები ქმნიან გარანტიებს, რომ რუსეთის ფედერაციაში დაცული იქნება ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რ. ახიადოვის ექსტრადირება განახორციელა იმავე დასაბუთებით, რომ რუსეთის მხრიდან წარმოდგენილია გარანტია რ. ახიადოვის უფლებების დაცვის თაობაზე.

EMC მიიჩნევს, რომ ახიადოვის მიმართ მიღებულ სასამართლო აქტებში და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის დასაბუთებული რამზან ახიადოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არ არსებობა. სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობიან მხოლოდ ფორმალურ მითითებებს, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულები და წარმოადგინეს უფლების დაცვის შესახებ გარანტია. საქართველოს კომპეტენტური უწყებების ამგვარი განმარტებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით ხშირად მახვილდება ყურადღება რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივ, მძიმე დარღვევებზე და საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე.

რუსეთის ციხეებში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის პრაქტიკაზე არაერთი გადაწყვეტილებაა გამოტანილი ევროპული სასამართლოს მიერ (CASE OF MAGNITSKIY AND OTHERS v. RUSSIA; Applications nos. 32631/09 and 53799/12, 27.08.2019).

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის[2] თანახმად პატიმრებზე ძალადობა ციხის თანამშრომლების/სხვა პატიმრების მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობა, საკვებისა და სანიტარული პირობების უკმარისობა საერთო მახასიათებელია ყველა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებისთვის რუსეთში. ციხეების გადატვირთულობა, სქესის, ასაკის და საპროცესო სტატუსის მიხედვით სეპარირების პრაქტიკა არ არის რეალიზებული ყველა დაწესებულებაში. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს პატიმრებზე ციხის თანამშრომლებისგან და სხვა პატიმრებისგან ძალადობის შემთხვევები. ხშირია შემთხვევები, როცა ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს იყენებს სხვა პატიმრების მიმართ ძალადობისთვის. კვირების განმავლობაში ვენტილაციის, საპირფარეშოს, წყლისა და საკმარისი განათების გარეშე მატარებლებით ტრანსპორტირების პრაქტიკას „ამნესთი ინთერნეიშენელის“ 2017 წლის ანგარიშში „გულაგების ერის მემკვიდრეობა“-დ არის მოხსენიებული. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ხშირია მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების (როგორიცაა სამარტოო საკანსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა) გამოყენების შემთხვევები. პატიმრები დასჯის შიშის გამო არ მიმართავენ ციხეების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების მექანიზმს. Human rights Watch 2019 წლის world report-ში რუსეთის შესახებ იხსენიებს ნოვაია გაზეტას მეირ გავრცელებულ ვიდეოს (მაკაროვის საქმე) ასევე, ათობით არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომელშიც დადანაშაულებული არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, პოლიციელები, ციხის ზედამხედველები, გამომძიებლები მონაწილეობდნენ.  [3]

რუსეთის ციხეებში მძიმე პირობებისა და სასტიკი მოპყრობის გავრცელებული პრაქტიკების მიღმა, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელია ჩეჩენი წარმოშობის პირების მიმართ, რომლებიც ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარულ პოლიტიკური სისტემაში პოლიტიკურ ან რელიგიურ „მტრებად“ განიხილებიან. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ რამზან ახიადოვის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ის ,,ვაჰაბიზმის“ მცდარი იდეოლოგიის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული პირია და ტერორიზმთან არის დაკავშირებული.

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, გაუგებარია, რომელ წყაროზე დაყრდნობით მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საერთო სასამართლოებმა, რომ  რუსეთი ფედერაციის სასჯელაღსრულებით სისტემაში დაცულია ადამიანის უფლებები და აგრეთვე დაცული იქნება რ. ახიადოვი ფიზიკური უსაფრთხოება და უფლებები.

უნდა აღინიშნოს, რომ პირის კონკრეტულ სახელმწიფოში ექსტრადირება ყოველთვის დაკავშირებულია მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკების შეფასებასთან მიუხედავად იმისა რა კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ედება პირს ბრალი. ტერორიზმის ბრალდების შემთხვევაშიც კი თუ ირკვევა, რომ ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირი შესაბამის სახელმწიფოში შესაძლოა დაექვემდებარეოს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, აკრძალულია მისი ექსტრადირება. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად იმეორებს, მათ შორის საქართველოს მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაშიც, რომ ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, არ გაუკეთონ ექსტრადიცია ან არ გააძევონ პირი, მათ შორის თავშესაფრის მთხოვნელი, რომელიმე ქვეყანაში, როდესაც არსებობს სერიოზული და აშკარა მოტივები იმის სარწმუნებლად, რომ მას ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას. სასამართლომ უკვე განაცხადა მტკიცედ და ნათლად, რომ მას კარგად ესმის, რა უზარმაზარ სირთულეებს აწყდებიან ჩვენს დროში სახელმწიფოები მათი მოსახლეობის ტერორისტული ძალადობისგან დასაცავად. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კონვენცია სრულად კრძალავს ისეთ მოპყრობას, რომელიც ეწინააღმდეგება მე-3 მუხლს, როგორიც არ უნდა იყოს მსხვერპლის მიერ ჩადენილი ქმედება“ („შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ; no: 36378/02; 12.04.2005; §335)

შამაევის საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ის გარემოებები, რაც საქართველოს მხედველობაში უნდა მიეღო ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, პატიმრობის პირობები ექსტრადირების მომთხოვნ სახელმწიფოში, დაცვის უფლების რეალიზების დონე, პატიმის განთავსების ადგილი და მისი ხელმისაწვდომობა ნათესავებისთვის, ასევე პატიმრის იდენტური წარმოშობის მომჩივანი პირების დევნისა და მკვლელობების ფაქტები. სასამართლო ასევე მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებთან ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ურთიერთობასა და ამ ორგანიზაციების შეფასებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რისი გათვალისწინებითაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ შამაევის საქმეშ მონაწილე ერთ-ერთი ჩეჩენი პირის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლის დარღვევას (შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ; no: 36378/02; 12.04.2005; §§ 362-368).

განსახილველ საქმეში გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბრალდების ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში განხორციელდეს თუ ეს გათვალისწინებულია კონკრეტულ დანაშაულებზე საერთაშორისო ხელშეკრულებით და  თუ პირის მიმართ ექსტრადირების მომთხოვნ სახელმწიფოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები არსებობს.  რ. ახიადოვის მიმართ ტერორიზმის ბრალდებისა და რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გათვალისწინებით საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ახიადოვის მხრიდან ტერორიზმის დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში თავად ეწარმოებინა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების ნაცვლად.

EMC მიიჩნევს, რომ რამზან ახიადოვის საქმეში საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკების სათანადოდ შეუფასებლობა და დაკავებული პირის დაუყოვენებლივი გადაცემა (რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ამ საქმეში საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენება), არღვევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას.

EMC მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაიაზროს ამგვარი გადაწყვეტილებების პრობლემურობა და ყველა სხვა მსგავს საქმეში უზრუნველყოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების განუხრელი დაცვა.

 

ამავე თემაზე