2019-09-20 13:24:24
ბავშვების პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ავსტრალიის მოქალაქის სახლში ხდებოდა და რეალიზაციას თავად ახდენდა - პროკურორი

ბავშვების პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ავსტრალიის მოქალაქის სახლში ხდებოდა და რეალიზაციას თავად ახდენდა - ამის შესახებ განცხადება, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა გააკეთა. 

"ავსტრალიის მოქალაქეს ბრალად ედება როგორც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება და გავრცელება, ასევე ტრეფიკინგი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. უშუალოდ, მის კომპიუტერში ნაპოვნია ფოტოსურათები, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, როგორც პიროვნების იდენტიფიცირებასთან, ასევე პირნოგრაფიულ შინაარსთან დაკავშირებით. ბრალდებული აღნიშნული მასალის რეალიზებას თავად ახდენდა", - განაცხადა გოგორელიანმა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

"საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, დაცვის მხარე თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონმდებლობით განსაზღვრულ დასაბუთებული სტანდარტის ვარაუდს ვერ აკმაყოფილებს. ბრალდებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და სასამართლოს წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ იყოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოს გამოყენებას შევთავაზებთ. დანარჩენ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ",- აცხადებს ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს.

მოსამართლემ პატიმრობის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ავსტრალიელ და ამერიკელ სამართალდამცავებსა და ევროპოლთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია საქართველოს ცხრა, ავსტრალიის ერთი და აშშ-ის ერთი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება და ტრეფიკინგი.

ამავე თემაზე