2019-09-19 19:02:14
„პორნოგრაფიის საქმეზე“ დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორი ლეხმანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მისმა ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განაცხადა.

საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისი თქმით, ბრალდებულს გუშინ შეხვდა და საქმის დეტალებზე საჯარო საუბარი აუკრძალა.

"ვინარჩუნებთ კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, ეს ბრალდებულთან შეთანხმებული პოზიციაა. დამატებითი საქმის მასალები გადმომცეს. მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შსს-მ რა ინფორმაციაც გაავრცელა იმის გარდა, არ გავახმაურო სხვა ინფორმაცია და დავიცავ ბოლომდე მის მოთხოვნებს. გავესაუბრე, გავუწიე იურიდიული კონსულტაცია, გავაცანი ბრალი, რაც წარედგინა, უფლებები დეტალურად განვუმარტე. მტკიცებულებები საკმარისი არ არის. ნუ გამოხვალთ იმ საქმის მასალებიდან, რაზეც ბრიფინგი ჩატარდა. ეს სულ სხვა საქმეა, გამოყოფილი საქმეა და აქ შესაბამისად საკმარისი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს სჭირდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, საქმეში არ იკვეთება. რასაც ედავებიან-ტრეფიკინგი არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ფაქტიურად ტრეფიკინგთან მიმართებაში მტკიცებულებები საერთოდ არ არის საკმარისი. რამდენად არის პორნოგრაფიული მასალების დამზადება და გასაღება, ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის",-განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ. და ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ამავე თემაზე