2019-09-16 12:55:38
დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ, გავლენიან მოდის ბრენდს, Vetements-ს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ექსკლუზიურად ავრცელებს მოდის გამოცემა WWD.

"მე ვფიქრობ, რომ ჩემი მისია შევასრულე", — ამბობს გვასალია, რომელმაც ვეტმო 5 წლის წინ შექმნა.

ბრენდში რჩება მისი ძმა და ფრანგული ბრენდის თანადამაარსებელი გურამ გვასალია.

"ვეტმოს შექმნაში მუდამ იყო ჩართული რამდენიმე კრეატიული ადამიანი. ჩვენ განვაგრძობთ საზღვრების გაფართოებას და შევინარჩუნებთ ბრენდის ღირებულებების პატივისცემას. ჩვენ მხარს დავუჭერთ გულწრფელ, შემოქმედებით და გენიოს ტალანტს. ის, რასაც დემნამ ბოლო რამდენიმე წელში მიაღწია, ვეტმოს ისტორიაში განმსაზღვრელი ეპოქაა. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ დემნამ მისი განვითარების სისწრაფეში თავისი წვლილი ჩადო. მისი ხედვა და ნიჭი ვეტმოს წარმატებაში განმსაზღვრელი იყო", — ამბობს გურამ გვასალია.

გვასალიებმა ექსკლუზიური განცხადება გამოცემას მიაწოდეს და დამატებით კომენტარზე უარი თქვეს.

"მე ვეტმო დავაარსე, რადგან მობეზრებული მქონდა არსებული მოდა და ყველა წესი, რომელსაც მოდა ავრცელებდა, ვეტმოს გამოჩენის შემდეგ სამუდამოდ შეიცვალა. ბრენდმა უამრავს გაუხსნა კარი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მისია, როგორც კონცეპტუალისტის და ინოვატორი დიზაინერის, ვეტმოში ამოვწურე. ის ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელსაც შეუძლია კრეატიული მემკვიდრეობა დამოუკიდებლად განაგრძოს და საკუთარი ეპოქა თავად დაწეროს", — წერს განცხადებაში დიზაინერი.

დემნა გვასალია ამ დროისთვის ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად რჩება. მოდის სახლს 29 სექტემბერს, პარიზში 2020 საგაზაფხულო სეზონის ჩვენება აქვს.

ამავე თემაზე