2019-09-11 19:26:00
"ეს იყო ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რის გამოც საბჭოთა რუსეთმა გერმანიის დანარჩენ ნაწილს ოკუპაცია ვერ გაუკეთა" - მაჭავარიანი რასმუსენის განცხადებაზე

ეს იყო ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რის გამოც საბჭოთა რუსეთმა გერმანიის დანარჩენ ნაწილს ოკუპაცია ვერ გაუკეთა - ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა “აიპრესთან” საუბრისას გააკეთა.

„ბატონი რასმუსენის განცხადება ჰაერიდან მოტანილი არ არის. მან ისაუბრა და შემდეგ დაადასტურა Twitter-ზე, რომ მეხუთე მუხლის არგამოყენების ეს გამოცდილება არის ის, რაც იყო გერმანიის შემთხვევაში გამოყენებული. ანუ, ქვეყანა, რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ და ამ შემთხვევაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ, ისევე როგორც გერმანიის ნაწილი ოკუპირებული იყო საბჭოთა ჯარის მიერ. იმისათვის, რომ ნატოს დაეცვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა რუსეთის აგრესიისგან, გამონაკლისის სახით და მოკავშირეების კეთილი ნებით მიიღო გადაწყვეტილება რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელებულიყო გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამით გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას გარანტია ჰქონოდა საბჭოთა ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ. ეს საბჭოთა რუსეთის მიერ ძალიან პირდაპირ იყო აღქმული და შესაბამისად ისტორიამ აჩვენა, რომ ეს იყო ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი. რის გამოც საბჭოთა რუსეთმა გერმანიის დანარჩენ ნაწილს ოკუპაცია ვერ გაუკეთა.

ეს არის შემოთავაზება. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ჩართვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი. მე ვესწრებოდი კონფერენციას და ჩვენი მოკავშირეები გაკვირვებულები არიან, რომ ეს შეთავაზება სრულიად უგულებელყოფილი იყო ქართული ოცნების საგარეო უწყების ხელმძღვანელების მხრიდან. მათ უბრალოდ არ აქვთ ის სიმამაცე, რომ საზოგადოებას ელაპარაკონ და არ უნდათ ამით გააღიზიანონ რუსეთი. ეს არის არასწორი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – გვითხრა ვანო მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ “ოცნება” “პატრიოტების” დამახინჯებული ინფორმაციის მძევალი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, ანდერს ფოგ რასმუსენმა გააჟღერა იდეა, რომ დაიწყოს დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაშიც ამოქმედდება მეხუთე მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გახდება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, თუმცა ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს ვერ გავრცელდება. რასმუსენის ეს განცხადება ზოგიერთი პოლიტიკოსებისგან ახსნილი იყო იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ნატოში შესვლის სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთზე. სინამდვილეში კი ნატოს მხრიდან ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

ამავე თემაზე