2019-09-11 18:42:03
ODIHR: საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნის პროცესი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობით წარიმართა

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნის პროცესი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობით წარიმართა, ნათქვამია ეუთო/ODIHR-ის უახლესი ანგარიშის დასკვნაში, რომლის თანახმადაც პროცესს თან ახლდა გარკვეული დადებითი ნაბიჯები, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აკვირდებოდა პროცესებს საქართველოში, რის საფუძველზეც ყურადღებას რამდენიმე პრობლემურ ფაქტზე ამახვილებს. მათ შორის, მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრებებისას თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე.

„ODIHR-ის მონიტორებმა დააფიქსირეს, რომ გასაუბრებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვების დასმის პროცედურის და გასაუბრებების ხანგრძლივობის მხრივ, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპს. მართალია, მთლიანობაში, დასმული შეკითხვები მოიცავდა კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების შეფასებისთვის საჭირო საკითხებს, ODIHR-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი განსხვავება კანდიდატებისთვის კითხვების დასმისა და მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ზოგჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვადასხვა მეთოდით მიანიშნებდნენ თავიანთი მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერას ან პირიქით - წინააღმდეგობას. მიუხედავად ამისა, იუსტიციის საბჭოს შერეულმა შემადგენლობამ - მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისა - დადებითად იმოქმედა გასაუბრების პროცესის შინაარსობრივ მხარეზე“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშულია, რომ შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა, ODIHR-ის მონიტორებმა დააფიქსირეს მწვავე შიდა უთანხმოება და დაპირისპირება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრების ორ ჯგუფს შორის. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების უყმაყოფილება, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნომ ინფორმაციის მოძიება განახორციელა სიაში შეყვანილ ყველა კანდიდატთან დაკავშირებით. მიუხედავად ODIHR-ის 2019 წლის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციისა, მონაცემთა გადამოწმების პროცედურის მკაფიოდ გაწერის შესახებ, ინფორმაციის გადამოწმება ჩატარდა საკმარისი დაზუსტების გარეშე. ასევე მეთოდოლოგიისა და პროცედურის გამჭვირვალობა არ იყო დაცული. მონაცემთა გადამოწმების შედეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წარედგინათ მოსმენის დაწყებამდე მხოლოდ ხუთი დღით ადრე, რის გამოც მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო გასაუბრებისთვის მოსამზადებლად“, - წერია ანგარიშში.

ODIHR-ის მონიტორინგი 29 ივნისს დაიწყო სახალხო დამცველის ინიციატივით. ის მოიცავდა 49 კანდიდატის ინტერვიუს და სხვა შეხვედრებს. მონიტორინგის ჯგუფი განაგრძობს პროცესის დაკვირვებას და ნომინირების დასრულებიდან ორ თვეში საბოლოო ანგარიშს წარადგენს რეკომენდაციებით.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 აგვისტოს დასრულდა. გასაუბრება 49 კანდიდატმა გაიარა, მათგან საუკეთესო 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრით გამოავლინა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

ამავე თემაზე