2019-09-11 15:53:40
პირველი და უმთავრესი ეტაპი არის დასრულებული, თითის ანაბეჭდები აღმოჩენილია - ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი

ანაბეჭდები იმდენად მკაფიოდ არის, რომ შედარება არის შესაძლებელი საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებთან - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ეკატერინე ეგუტია აცხადებს. მისივე ინფორმაციით, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭედია და ეს ანაბეჭდები უნდა შედარდეს ბაზებში არსებულ თითის ანაბეჭდებს.

„პირველი და უმთავრესი ეტაპი არის დასრულებული, თითის ანაბეჭდები აღმოჩენილია. საკმაოდ რთული პროცედურა იყო. საქართველოში ვერ ხდება თვეების შემდეგ ფურცელზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენა, ლონდონის ექსპერტიზამ დაადასტურა და მკაფიოდ არის აღმოჩენილი ათეულობით ანაბეჭდი წერილის ორივე გვერდზე. ანაბეჭდები იმდენად მკაფიოდ არის, რომ შედარება არის შესაძლებელი საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებთან, ანუ საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდებს უნდა შედარდეს. ახლა უკვე გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ განაახლოს. იმედი გვაქვს, რომ საქმე წინ წაიწევს და შედარების მომენტი საქართველოში არსებულ ბაზებთან განხორციელდება“, - განაცხადა ეგუტიამ.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია, თუ ვის აჩვენა და სად ჰქონდა წერილი მიტანილი და ვისი ანაბეჭდები შეიძლება იყოს წერილზე.

„ლოგიკურად, უკვე არსებითი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ერთი მოწმე ამბობს, რომ ემუქრებიან, მეორე ანაბეჭდები უმაღლესი დონის ლაბორატორიაში დავადგინეთ და აღმოვაჩინეთ და ახლა ამ ყველაფერს გადავცემთ პროკურატურას. ახლა მათი ვალდებულებაა განახორციელონ შედარება ბაზებთან“, -დასძინა ეგუტიამ.  

ამავე თემაზე