2019-09-11 14:54:05
WSJ: აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გერმანიაში ჩეჩენი მეამბოხის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„აშშ-ს მიაჩნია, რომ ამ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი რუსეთია“, – ციტირებს WSJ-ი ოფიციალური პირის განცხადებას.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, მოსკოვი საზღვარგარეთ მყოფი სავარაუდო მტრების წინააღმდეგ კამპანიას აძლიერებს. სტატიის ავტორი კი აღნიშნავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ბოლოა კრემლის მოწინააღმდეგეების მკვლელობების თუ მათზე თავდასხმების სერიაში.

WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, ხანგოშვილის საქმეზე დაკავებული მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. წყაროს თქმით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან რუსული პასპორტი მიიღო, რომელშიც წერია, რომ ვადიმ სოკოლოვი ჰქვია. აშშ-ის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ეს სახელი და გვარი ყალბია.

„ნამდვილი პასპორტი, სადაც ყალბი იდენტობაა მითითებული, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო გაეცა“, – უთხრა WSJ-ს თავისმა წყარომ.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის მკვლელობები მის საზღვრებს გარეთ, ტრადიციულად, ფედერალური მთავრობის ან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ არის მართული.

WSJ-ი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ერთ-ერთი მეთაური იყო, რუსეთის უშიშროების ძალების სიძულვილი კი 2004 წელს, ნაზრანში განხორციელებულ დარბევებში შესრულებული როლის გამო გამოიწვია. ამ მოვლენის დროს რუსეთის უშიშროების სამსახურის ათობით თანამშრომელი დაიღუპა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთში ამბოხებულთა წინააღმდეგობა ჩაახშეს, ხანგოშვილი და სხვები მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში გაიქცნენ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ის არაოფიციალურად მუშაობდა საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ და რუსების წინააღმდეგ კონტრდაზვერვაში იყო სპეციალიზირებული. იქ ის ძლივს გადაურჩა გატაცებას და ჩასაფრებულ თავდასხმას, რა დროსაც მისი მანქანა დაცხრილეს“, – ნათქვამია სტატიაში.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მოკლულის ახლო ნათესავების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ზელიმხან ხანგოშვილი 40 წლის იყო. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

გუშინ, 10 სექტემბერს, პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს და ხანგოშვილზე თბილისსა და ბერლინში მომხდარი თავდასხმების გამოძიება მოითხოვეს.

ამავე თემაზე