2019-09-11 14:06:56
მამუკა ხაზარაძის "საზოგადოებრივი მოძრაობის" პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, "საზოგადოებრივი მოძრაობის" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, 12 საათზე, ანაკლიაში გაიმართება.

ხაზარაძემ "საზოგადოებრივი მოძრაობის" ჩამოყალიბების შესახებ, ივლისში განაცხადა. მან ასევე სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ "20 ივნისის ღამე იყო წყალგამყოფი" და “სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება”. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გაერთიანება „პროდასავლურ“ ნიშას დაიკავებს.

უკვე ცნობილია, რომ "საზოგადოებრივი მოძრაობის" სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

„ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია, წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“, -აცხადებს ხაზარაძე.

 

ამავე თემაზე