2019-09-11 10:52:14
„წერილზე დასრულდა თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა, აღმოჩენილია ათეულობით სხვადასხვა პირის ანაბეჭდი"- ხაზარაძის ადვოკატი

წერილზე დასრულდა თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა, აღმოჩენილია ათეულობით სხვადასხვა პირის ანაბეჭდი - „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ეკა ეგუტიას განცხადებით, ლონდონში დასრულდა იმ წერილის ექსპერტიზა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა და რომელიც მუქარას შეიცავს.

როგორც ადვოკატი ეკა ეგუტია რადიო თავისუფლებას ეუბნება, დასრულდა წერილზე ექსპერტიზის პირველი ეტაპი, რაც ანაბეჭდების შესწავლას მოიცავდა. წერილის ორივე გვერდზე აღმოჩნდა ათეულობით ანაბეჭდი, რომლებიც ახლა უკვე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეადაროს საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზაში არსებულ მონაცემებს.

„წერილზე დასრულდა თითის ანაბეჭდების ექსპერტიზის ეტაპი. აღმოჩენილია ათეულობით სხვადასხვა პირის ანაბეჭდი, რომელთა ინდენტიფიცირება უნდა მოხდეს ქართველი სამართალდამცავი უწყებების მიერ. საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზა აქვს პროკურატურას და წერილზე აღმოჩენილია ათეულობით პირის თითის ანაბეჭდები, რაც დადასტურებულია და გვაქვს შედეგი. გვინდა, რომ გადავცეთ პროკურატურას, რომელიც შეადარებს მის ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს და დაგვეხმარება ამ პირების იდენტიფიცირებაში“, - ამბობს ეკა ეგუტია.

მისი სიტყვებით, წერილის მიმღებია მამუკა ხაზარაძე, შესაბამისად, უნდა გამოირიცხოს მისი და ასევე ბადრი ჯაფარიძის ანაბეჭდები, რომელმაც წერილი წაიკითხა.

„დანარჩენი თითის ანაბეჭდები ვის ეკუთვნის, არის ძალიან საინტერესო, იმისთვის, რომ გავიგოთ, გამომგზავნი მხარე ვინ იყო. თუნდაც მომმზადებელი, თუნდაც გადამცემი და ა.შ და აწი გამოიძიოს პროკურატურამ. ანაბეჭდების კვლევა ჩატარდა ლონდონის უმაღლესი კლასის ლაბორატორიაში, რომელსაც ლონდონის პოლიციაც იყენებს“, - აცხადებს ეკა ეგუტია.

წერილის ექსპერტიზის შემდეგი ეტაპია პრინტერის და მელნის ანალიზი, რაც მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ძალიან ღრმა ანალიზის საგანია. უნდა შეისწავლონ, როგორი პრინტერი იყო გამოყენებული, ასევე ფურცლის ხარისხი, ის, თუ როდის ამოიბეჭდა წერილი და ა.შ. მესამე ეტაპია ლინგვისტური ანალიზი, წინადადებათა წყობა, ვის წინადადებებში გამოიყენება ეს სიტყვები ყველაზე ხშირად.

„ამ ანალიზსაც მოვითხოვთ. ეს ანალიზიც უკვე დაწყებულია“, - ამბობს ეკა ეგუტია.

მისი სიტყვებით, პროკურატურას მას შემდეგ მიმართავენ, რაც ლონდონიდან წერილის დედანი დაბრუნდება. „კი ვშიშობთ, რომ აქ შეიძლება წერილის დედანი გაანადგურონ, მაგრამ სხვა გზა არ არის“, - ეუბნება ეკა ეგუტია რადიო თავისუფლებას.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

„პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

პროკურატურის განცხადებით, „მამუკა ხაზარაძემ ფარატინა ფურცელი წარმოადგინა“. „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.


 

ამავე თემაზე