2019-09-10 14:53:14
"ჩვენ ძალიან კარგად ვაანალიზებთ პუტინის პოლიტიკას, თუმცა წინააღმდეგობას ეფექტიანად ვერ ვუწევთ" - იგორ დოლგოვი

ჩვენ ძალიან კარგად ვაანალიზებთ პუტინის პოლიტიკას, თუმცა წინააღმდეგობას ეფექტიანად ვერ ვუწევთ - ამის შესახებ განცხადება, უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ რუსეთის ქცევას, პუტინის პოლიტიკას. თუმცა, წინააღმდეგობას ეფექტიანად ვერ ვუწევთ. რატომ? პრობლემა სწორედ ამაშია. ორი საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი - პუტინი, სისუსტე, ნატო და ევროკავშირი; მეორე - პუტინს აქვს დე ფაქტო ვეტო. პუტინმა წითელი ხაზები სულ მცირე, ორჯერ გადაკვეთა – საქართველოსა და უკრაინაში. რა იყო დასავლეთის რეაქცია? ნუთუ პუტინს აქვს ვეტო და მას აქვს უფლება საზღვრები გადაკვეთოს და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს? მინდა, შეგახსენოთ რეაქცია, რომელიც აშშ-ს ჰქონდა მაშინ, როდესაც წითელი ხაზები სადამ ჰუსეინმა გადაკვეთა. როგორც მოიქცა აშშ? რამდენად მტკიცე იყო პასუხი და რამდენად ფართოდ იყო წარმოდგენილი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი საუდის არაბეთში? ეს მარტივი, მაგრამ პრინციპული საგნებია.

ვიდრე საქართველოსა და უკრაინაში არსებულ პრობლემას, ბრიუსელსა და ვაშინგტონში არ აღიქვამენ, არა როგორც ლოკალურ, არამედ როგორც გლობალურ პრობლემას, ჩვენ ვერ მოვძებნით გამოსავალს. ნატო-სა და ევროკავშირს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ჩვენს მსგავსად რომ ებრძოლათ, ისე როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ქართველები და უკრაინელები ვიბრძვით, წარმატებას ძალიან სწრაფად მივაღწევდით“, – განაცხადა, უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა.


 

ამავე თემაზე