2019-09-10 10:54:41
"ამას, პირდაპირ ვუკავშირებ ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას" - გურიის მოამბის რედაქტორმა მუქარის წერილი მიიღო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს “გურიის მოამბის” ჟურნალისტთან, თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა.

იოსელიანი ამბობს, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. ჟურნალისტის თქმით, წერილი 28 აგვისტოს არის გამოგზავნილი, თუმცა, რადგან გამომგზავნი მეგობრებში დამატებული არ ჰყავდა, შეტყობინება გუშინ, 8 სექტემბერს გახსნა.

“დღეს პოლიციაში მივედი, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყეს. ჟურნალისტურ გამოძიებებზეც მიმუშავია, თუმცა მუქარის ფაქტი არასდროს ყოფილა. მინდა ასევე ვთქვა, რომ პირადულს გამოვრიცხავ, რადგან მტერი არასდროს მყოლია. ამას (მუქარის წერილს)პირდაპირ ვუკავშირებ ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას.” - ამბობს ჟურნალისტი.

ქარტიაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი და კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ასეთი შემთხვევები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

“ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი”,-წერია ქარტიის განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს.

 

 

 

წყარო:ნეტგაზეთი

ამავე თემაზე