2019-09-09 10:04:14
"მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია, გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით" - გვარამია

მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია, გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

„ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა. ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება. ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემს გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”, -წერს ნიკა გვარამია

ამავე თემაზე