2019-08-14 12:18:57
ივლისის თვეში ტურისტულმა სექტორმა 60 მილიონით ნაკლები მიიღო... შემოსავალი შეგვიმცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - პრემიერი 

ივლისის თვეში სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 60 მილიონით ნაკლები მიიღო ტურისტულმა სექტორმა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს არის ძალიან ცუდი. პირადად მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვერ შევხედავთ ამ პრობლემას ვარდისფერი სათვალით - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

მამუკა ბახტაძემ ტურისტული ნაკადის შემცირებაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის დეპარტამენტს ივლისის თვის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, პრემიერი ირწმუნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, გიდებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. ბახტაძის მტკიცებით, შემოსავალი შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკა ტურიზმის სექტორში იყო ძალიან ეფექტური და მან მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენი პოლიტიკა 2019 წლის პირველ ნახევარში. მე აჭარის სტატისტიკა მოვიყვანე მაგალითად - ივნისში თითქმის 40 პროცენტით იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ტურისტების რაოდენობას და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რაოდენობა არ შეგვიმცირდეს, უფრო მეტიც - გავზარდოთ და გავხადოთ ის დივერსიფიცირებული, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს სტატისტიკა შემოსავლების თვალსაზრისით, ანუ ტურისტული სექტორი რა შემოსავალს იღებს ტურისტების იმ ნაკადებიდან, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. ივლისის თვეში სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 60 მილიონით ნაკლები მიიღო ტურისტულმა სექტორმა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს არის ძალიან ცუდი. პირადად მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვერ შევხედავთ ამ პრობლემას ვარდისფერი სათვალით. ეს არის პრობლემა - მცირე და საშუალო ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, გიდებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. უფრო მეტიც, შემოსავალი შეგვიმცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღნიშნული პრობლემა გადაჭრას და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს.

„მაგრამ იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს პრობლემა არ არის, ძალიან არასერიოზულია. საუკეთესო პასუხი, ვინც შეიძლება ამ პრობლემაზე გასცეს, არის ის ხალხი, ვინც თვითონ დასაქმებულია ამ სექტორში. ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, რომელიც მათ ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ხალხს სჭირდება გვერდში დადგომა და ის ორი პროგრამა, რომელზეც მე არაერთხელ ვისაუბრე, ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იმისთვის, რომ ის ფინანსური პრობლემები, რომელიც შეიძლება შეექმნას ამ სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ საერთო ძალისხმევით. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია ან ნახევრად სავსე. ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ კონკრეტული პრობლემა, ტურიზმის სექტორში წარმოქმნილი ნეგატიური დინამიკის ფონზე და მათ სჭირდებათ დახმარება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე