2019-08-14 11:57:43
"ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" - სკანდალური ფილმი „იმედზე“ (ვიდეო)

აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ როგორც ძალაუფლების „ყველაფრის ფასად“ შენარჩუნებისა და საზოგადოების თვალში „დაკარგული ლეგიტიმაციის“ ხელახლა მოპოვების გზა - ამ კონტექსტში წარმოჩინდა ყოფილი ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმში - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

 სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც “მაშველი რგოლი” სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა “ოპოზიციის წნეხისგან” გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

ფილმში ავტორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმოხილვას 2004 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან იწყებს და იმ შეცდომებსა თუ ქმედებებს აღწერს, რაც მისივე შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით და ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში მიზანმიმართულად განახორციელა. ასე მაგალითად, ფილმიდან ვიგებთ, რომ 2004 წელს ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოგვარებული, ან უფრო ზუსტად, მოგვარების გზაზე დამდგარი კონფლიქტები ჩაიბარა, მაშინდელმა მთავრობამ კი, სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მექანიზმი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების დათბობა-გაღრმავების ერთადერთი საშუალება ერგნეთის ბაზრობა გააუქმა, რითაც სააკაშვილი-ოქრუაშვილის [ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა] ტანდემმა „კონფრონტაციის გზა“ აირჩია და ოსურ მხარეს პირდაპირ ანიშნა, რომ „ოფიციალური თბილისის არჩევანი შერიგების და დაახლოების პოლიტიკა აღარ არის“.

ერგნეთის ბაზრობის გაუქმების კომპონენტი ფილმში აპრიორი უარყოფითად ისეა განხილული, რომ საპირისპირო მხარე - კორუფცია, კონტრაბანდა, დაუფიქსირებელი გადასახადები და ა.შ. განხილული არ არის და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ჩანს იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეს მათ აღნიშნული გადაწყვეტილება და რა იყო ამის მთავარი მოტივატორი.

 ამასთან, ავტორი 2004-2008 წლების შუალედში ცხინვალის რეგიონში მომხდარ არაერთ შეტაკებასა და დაპირისპირებაზე იმგვარად საუბრობს, რომ ყველა კონტექსტში ყოფილი ხელისუფლების ბრალზე, განზრახ პროვოკაციულობასა და კონფრონტაციულობაზე მიუთითებს. იქვე დასძენს, რომ სააკაშვილი “წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას”.

ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აგვისტოს ომის ინსპირირების დასტურად 2007-2008 წლებში მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის, მედიის, ოპონენტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსაც გვახსენებს. სააკაშვილი მოხსენიებულია დიქტატორად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი აპრიორი გაყალბებულად არის წარმოჩენილი. არადა, მიუხედავად დაფიქსირებული ხარვეზებისა, მაშინ რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას საყოველთაო გაყალბების ნიშნებზე არ უსაუბრია და არც მისი შედეგები დაუყენებია ეჭვქვეშ. 2004-2008 წლების მიმოხილვის დასასრულს ავტორი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად ჩაითრია ქვეყანა სისხლიან ავანტურაში.

ფილმის მიწურულს დრო უკვე უშუალოდ აგვისტოს ომის დეტალების განხილვას ეთმობა, საიდანაც ვიგებთ, რომ სააკაშვილისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „გარე მტრის საქართველოში შემოჭრა“ იყო საჭირო, რისთვისაც ისეთი სამხედრო ოპერაცია უნდა დაგეგმილიყო, რომელზე რეაგირებაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი იქნებოდა, რისთვისაც „სააკაშვილის ხელისუფლებამ დემონსტრაციული, ფართომასშტაბიანი ოპერაცია განიზრახა“.

 „ყველას გვახსოვს, როგორც ვუყურებდით ტელეეკრანებს, გვიკვირდა ჩვენი მედიის, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა და მსოფლიოს გადასცემდა, ვამბობდით, მტრები ხომ არ არიან, რას აკეთებენ, მოწინააღმდეგეს აწვდიან ინფორმაციასო. დიახ, გეგმის შემადგენელი ნაწილი ზუსტად ეს პროპაგანდა იყო. მთელ მსოფლიოს უნდა ენახა ქართველების დიდი სამხედრო ძალის მოქმედება რეგიონში. საჯაროდ სილაგაწნული რუსეთი კი იძულებული უნდა ყოფილიყო, სამხედრო ძალებით შემოსულიყო საქართველოში“, - ვისმენთ ფილმში.

მასალაში 8 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელსაც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ, ომში გამარჯვების ზეიმად არის გამოცხადებული. არადა, ღონისძიების მიზანი მსოფლიოსთვის სწორედ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელეული აგრესიისა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის ჩვენება იყო. ფილმში ყოფილ პრეზიდენტს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო არაინფორმირებულობაშიც სდებენ ბრალს. არადა, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა რუსეთის ფედერაცია იძულებული, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობებს რუსეთი დღემდე უხეშად არღვევს, რის გამოც, ის დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

 „რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ თავის დროზე თქვა - რუსეთს ჰყავს ორი ჰყავს ორი მოკავშირე, არმია და ფლოტია. 21-ე საუკუნეში ამ მოკავშირეებს შეიძლება თავისუფლად დაემატოს სააკაშვილიც. კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს - მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, - სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია - სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება.

 ფილმში რუსეთი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის წარმოჩენილი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ერთი აგრესიული აქტორის მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში მშვიდობისმყოფელის სტატუსით ჩართულიყო. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული კონტექსტი. არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა. პირიქით, საპირწონედ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვისმენთ, სადაც ის ამბობს, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ“.

 გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ, თავად ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ის საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის ჯერ კიდევ 2006 წლიდან ემზადებოდა და მისი ქმედებები საქართველოს მხრიდან „კონფრონტაციაზე“ მყისიერი პასუხი ვერ იქნებოდა.

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.

 მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. მოვლენების შემფასებლად საუბრობენ მხოლოდ დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), პაატა ზაქარეიშვილი (ანალიტიკოსი) და მამუკა არეშიძე (ანალიტიკოსი). არც ერთი რესპონდენტი არ არის წარმოდგენილი ფორმალური ბალანსისთვის მაინც. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად.

"mediachecker"

ამავე თემაზე