2019-08-12 13:12:54
„ივლისში, ტურიზმის სექტორს, სავარაუდოდ, $60 მლნ-ის ზარალი ჰქონდა - ბახტაძე

„ივლისში, ტურიზმის სექტორს, სავარაუდოდ, $60 მლნ-ის ზარალი ჰქონდა - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტურიზმის სექტორში მზარდ დინამიკას დააბრუნებს. 

„ივლისის მონაცემებით, სავარაუდოდ, 60 მლნ დოლარის ზარალი ჰქონდა ტურისტულ სექტორს წინა წელთან შედარებით. ტრენდი იყო ძალიან კარგი. ივნისში ტურისტების 40%-იანი ზრდა გვქონდა მხოლოდ აჭარაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ის ნაბიჯები, რომელიც გადავდგით, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ აუცლებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გვერდში დგომა და დახმარება. 

„იცით, რომ ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა“, - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკამ რუსი ტურისტებისგან 67 მლნ დოლარი მიიღო. 

ივლისში ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკას სებ-ი აგვისტოს შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის წინასწარი გათვლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილის მიერ დასახელებულ 44 მლნ დოლარიან დანაკარგს ემთხვევა. 

შეგახსენებთ: ქვრივიშვილის ინფორმაციით, ავიასანქციების გამო რუსი ტურისტებისგან ივლისში 44 მლნ დოლარი დაგვაკლდა. 

სებ-შიც ადასტურებენ, რომ შარშან საქართველომ რუსი ტურისტებისგან 111 მლნ დოლარი მიიღო, რაც წელს ივლისში მიღებულ შემოსავალთან შედარებით, 44 მლნ-ით ნაკლებია. 

„ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლებს ითვლის ვიზიტორების ტიპების მიხედვით, ვინ რამდენს ხარჯავს. რაც შეეხება ივლისში შემცირების მიზეზს, თვითმფრინავით შემოსული ტურისტები ბევრად მეტს ხარჯავენ ვიდრე - სხვები და რადგან თვითმფრინავით შემოსულთა რიცხვი შემცირდა, ამიტომ გამოდის შემოსავლებიც ასე ნაკლები. ავიასანქციების გარეშე, რუსეთიდან შემოსავლები, სავარაუდოდ, იქნებოდა დაახლოებით, $130 მლნ, მაგრამ სანქციების გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზით, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიშში გვქონდა, გამოვიდოდა დაახლოებით, $65-$70 მლნ. რაც ახლა სტატისტიკა დავითვალეთ, ($67 მლნ) ფაქტობრივად, ჩვენს პროგნოზს მიყვება, ჯერ-ჯერობით“, - განუცხადეს bm.ge-ის სებში. 

აღსანიშნავია, რომ იმ ფონზე, როცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ეროვნული ბანკი უშუალოდ რუსი ტურისტებისგან ვერმიღებულ 44 მლნ-იან დანაკარგზე საუბრობს, კერძო სექტორში აქცენტს ჯამურად ივლისში ტურიზმის მიღებულ შემოსავლებზე აკეთებენ, რომელიც 20 მლნ დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

მაგალითად: 9 აგვისტოს TBC Research-მა საქართველოს ტურიზმის სექტორის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული საავიაციო შეზღუდვების ფონზე, ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 0-დან $20 მილიონის ფარგლებში შემცირდა, რაც მთლიანობაში 0-დან 5%-მდე დანაკლისს შეადგენს. 

GALT & TAGGART-ის წინასწარი შეფასებით კი, ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი $5 მლნ-ით შემცირდა. 

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი bm.ge-ისთან ამბობს, რომ თვის განმავლობაში, საქართველოს ტურისტულმა სექტორმა დაახლოებით, $428 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ანუ $5 მილიონით ნაკლებია.

ამავე თემაზე