2019-08-12 12:22:37
გუგუტიანთკარელები ახალი მავთულხლართები მოლოდინში არიან - პრემიერი ამბობს, რომ ჩასვლას გეგმავს 

პრემიერი განცხადებებს, რომ ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებით არ ინტერესდება, სიცრუეს უწოდებს. 

მამუკა ბახტაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები სოფელში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პრემიერის თქმით, ის თავადაც აპირებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლას, თუმცა როდის - მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია.

„სამწუხაროდ, ოკუპანტი განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები  და ინფორმირებული არის ყველა. მე ვგეგმავ ზოგადად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას. მე ვიყავი რამდენიმე მათგანში ჩასული და ბუნებრივია აქაც ვგეგმავ. ეს არის დეზინფორმაცია, რომ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები იქ ჩასულები არ იყვნენ. არა თუ ჩასულები არ იყვნენ, ისინი 24 საათის განმავლობაში იყვნენ იქ და უწევდნენ ინტენსიურ მონიტორინგს ამ სიტუაციას და ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ყველას,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ადგილობრივები ახალი მავთულხლართების გავლების მოლოდინში არიან. რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ რჩებიან. ჯერჯერობით აბრებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია, თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლონ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან, მოქალაქეები კი დახმარებას, სწორედ მათგან, თუმცა უშედეგოდ ითხოვენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად არსებული რთული ვითარებისა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან.

ამავე თემაზე