2019-08-12 11:49:52
საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა - პრემიერი 

თავრობის მეთაურმა მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა. მამუკა ბახტაძე დიდგორის ველზე დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება და ამავდროულად, სწორი და ძალიან ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც სანიმუშოა

„დიდგორის ველი, არის სიმბოლო ქართველთა სამხედრო დიდების, ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი თავისუფლებისა. საუკუნეების წინ, აქ ქართველთა ჯარმა დაამარცხა ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ძლევაი საკვირველი". დიდგორის ველი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის მაგალითია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბრძოლა დღესაც გრძელდება და ის არის მუხლჩაუხრელი შრომა და ქვეყნის უანგარო სამსახური.

„უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ მეგობრებო, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნებით, დიდი სიყვარულით, მუხლჩაუხრელი შრომითა და რაც მთავარია ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო, ისეთი ევროპული ყაიდის ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, რომლისთვისაც ჩვენი დიდი წინაპრები და დავით აღმაშენებელი იბრძოდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე