2019-08-09 10:54:53
რუსეთი საქართველოს და დასავლეთს მოუწოდებს აღიარონ ამიერკავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური  რეალიები

რუსეთი საქართველოს და დასავლეთს მოუწოდებს აღიარონ ამიერკავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური  რეალიები. რუსეთი შემდგარ სუვერენულ ქვეყნებად მიიჩნევს საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტმა 8 აგვისტოს, დღის ბოლოს გამოაქვეყნა კომენტარი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის შესახებ:„ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით. სააკაშვილის მთავრობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევით დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. სამხედრო ობიექტების და საცხოვრებელი უბნების ერთმანეთისგან განურჩევლად, ქართულმა ძალებმა ცხინვალზე მიიტანეს მასირებული საარტილერიო იერიში. შტურმს მიმართეს რუსი მშვიდობის დამცველების ბანაკზე. ათი მათგანი დაიღუპა. სულ მოკლული იყო 48 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 162 დაიჭრა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აგრესია კონფლიქტის საყოველთაოდ აღიარებული მხარის - ცხინვალის მიმართ, აბსოლუტურად არაპროვოცირებული იყო და ეს ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა ევროკავშირის ეგიდით შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით.

„სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ და აფხაზეთის წინააღმდეგ ანალოგიური აქციის მზადებამ, რაც ამ ხალხების მიმართ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია იყო, არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა საკუთარი უსაფრთხოების და თვითგამორკვევით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არსებობის უფლების უზრუნველყოფისა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ხელმძღვანელობდა რა, გაეროს წესდებით, გაეროს 1970 წლის დეკლარაციით სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობების პრინციპების შესახებ, ეუთოს ჰელსინკის დასკვნითი აქტით და სხვა ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტებით.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის „ცალსახაა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, ორივე რესპუბლიკას აქვს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, მათ შორის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მოქმედი ორგანოები, აკონტროლებენ თავის ტერიტორიას, ვითარდება ეროვნული ეკონომიკა და კულტურა და აქტიურად შენდება სამართლებრივი საზოგადოება.“

საუბარია „ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან“ რუსეთის აქტიურ ურთიერთ ქმედებაზეც და მათთვის მასშტაბური ფინანსური დახმარების გაწევაზე. რუსეთი ირწმუნება, რომ მისი პოლიტიკა სრულიად გამჭვირვალეა და მიმართულია პარტნიორებთან ურთიერთმომგებიანი კავშირების განვითარების, ნდობის განმტკიცებისა და ურთიერთ გაგებისკენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. „ნაცვლად იმისა, რომ ძალისხმევა მიმართო წარსულის ტვირთის დაძლევისა და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისკენ, ოფიციალური თბილისი და მისი აქტიურად მხარდამჭერი დასავლეთის დედაქალაქები კვლავ ამწვავებენ ანტირუსულ ისტერიას და დაკავებულები არიან შეიარაღებით რეგიონის გაბერვით და ნატოში საქართველოს უცერემონიო ჩათრევით. ეს ყველაფერი ჩიხური გზაა, რომელიც რეგიონს არ აახლოებს მშვიდობასთან, სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან.“

„თავის მხრივ, რუსეთი მომავალშიც მიმართავს ძალისხმევას, რათა აღდგეს დიალოგი და სრულფასოვანი მოლაპარაკების პროცესი საქართველოს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებთ უნდა იყოს ძალის არ გამოყენების შეთანხმების ხელმოწერა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აღიარონ ამიერკავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალიები“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

ამავე თემაზე