2019-08-06 16:02:59
"ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ პრინციპული ნაბიჯები გადადგას" - ბახტაძე

ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ პრინციპული ნაბიჯები გადადგას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა მთავრობის მიერ ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ტურისტების შემცირების დასახელების საკითხზე კომენტირებისას. პრემიერმა განმარტა, რომ ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა ტურისტების 20 პროცენტიანი ზრდა, ასევე აჭარაში ივნისში ზრდა იყო 40 პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ა

„მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ. ამ ადამიანებში ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. სამწუხაროდ, მოლოდინები ნეგატიური შეიქმნა. მათ შორის ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება, ეკონომიკური ვაჭრობაც შეზღუდულიყო, შესაბამისად, ამას ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მეტი პრობლემა გამოეწვია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ფაქტიურად ტურისტების რაოდენობა წელს იგივეა, რაც შარშან იყო.

„მოლოდინი, რაც ეკონომიკას ჰქონდა, მათ შორის ბიზნესს, რომ ასეთი სწრაფი ტემპებით გავზრდით ტურისტების რაოდენობას როგორც დაგეგმილი იყო, ამის ფონზე მივიღეთ რა? არ თუ 40 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, არამედ სამწუხაროდ, რეალურად იმ შედეგზე გავედით, რომელიც შარშან გვქონდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ციფრები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით გატარებული პოლიტიკა სწორი და მიზანმიმართული იყო.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურიზმის სექტორს დავაბრუნებთ განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც გვქონდა სწორედ ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ეს ციფრები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მას მოჰქონდა კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის სიმართლე, რასაც გეუბნებით. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მსგავსი პრობლემები დროულად მოაგვაროს, მათი პროგნოზირება და პრევენცია მოახდინოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება და ყველანაირი მექანიზმი, გადადგას პრინციპული ნაბიჯები.

„ანალიზი აჩვენებს და გასული კვირის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა და გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. მოლოდინები მათ შორის ლარის გაუფასურებასთან შედარებით, გადაჭარბებული იყო“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავე თემაზე