2019-08-06 10:40:16
თუ კურსი დოლართან მიმართებით 3 ლარიან ნიშნულს ასცდა, მედიკამენტები გაძვირდება

თუ კურსი დოლართან მიმართებით 3 ლარიან ნიშნულს ასცდა, მედიკამენტები გაძვირდება, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი ირინა ჭელიძე აცხადებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მედიკამენტების ფასები მასობრივად გაზრდილი არ არის, თუმცა შეიძლება იყოს წამლების ჯგუფის მცირე ნაწილი – 3-4%, რომლებიც გაძვირებულია. 

"მედიკამენტების გაძვირება ძალიან მძიმე პროცესია, ეს თავად ბიზნესზეც აისახება, რამდენადაც მაშინვე იკლებს გაყიდვები. ყველა ბიზნესმენი ძალიან კარგად ათვიცნობიერებს ამას, რომ გაძვირება გამოსავალი არ არის, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ბიზნესს", - აცხადებს ირინა ჭელიძე. 

კითხვაზე, თუ დღეს ფასები გაზრდილი არ არის, რის ხარჯზე ნარჩუნდება ფასი, ირინა ჭელიძე ამბობს, რომ ბიზნესი "მომავლის იმედზეა". 

"შარშან ნახევარი წელი იყო ლარის კურსის მატება და პირველი ნახევარი იყო სტაბილური. ახლაც სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ შეინარჩუნოს რაღაც ნიშნულზე ლარი. ყველა ელოდება, რომ სექტემბრიდან წლის ბოლომდე თუ მოხდა დაწევა, ეს დააბალანსებს ამ მდგომარეობას. 

ძალიან დიდი პანიკა გამოიწვია, როცა დოლარის კურსი გახდა 3 და ევროს კურსი გახდა 3.35 ლარი. ეს ისეთი ნიშნული იყო, რომელიც ძალიან სერიოზულ გადახედვას მოითხოვდა ჩვენი მხრიდან, რადგან ძალიან ბევრი მედიკამენტის ფასი თვითღირებულების მაჩვენებლით წავიდა მინუსში", - აცხადებს ირინა ჭელიძე.

ამავე თემაზე