2019-08-05 13:40:20
ჭიაბერაშვილი: გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია

“გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზეწოლაში,” - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნოდარ ხადურის განცხადებას, თითქოს ფასების ზრდა შესაძლოა საქართველოში ბიზნესის წარმოამდგენელთა მხრიდან კანონდარღვევებს უკავშირდებოდეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, ფასების ზრდა, რაც მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს, ლარის და, ზოგადად, ქართული ეკონომიკის “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯებით დასუსტების შედეგია. საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც დაასუსტა ეკონომიკა, დაასუსტა ლარი და განაპირობა ფასების ზრდა სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე.

2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9%-ით გაიზარდა.

 

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა:

  • 11.22%-ით ანტიბიოტიკები
  • 6.29%-ით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები
  • 5.64%-ით ვიტამინები
  • 4.87%-ით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
  • 3.1%-ით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები

ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადექვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკემენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას.

ჭიაბერაშვილის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა ასევე ასევე დაამძომებს არსებულ მძიმე სოციალურ ფონს.

“გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც  რეგულაციების და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე