2019-07-30 11:22:44
ლონდონის ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციებზე ფასი 11 პროცენტით გაიზარდა

უმძიმესი სავაჭრო კვირის შემდეგ, დღეს თიბისი ბანკის აქციებზე ფასი 11,2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული მატება თიბისი ჯგუფის მიერ მეორე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, თიბისი ჯგუფის წმინდა მოგება 258 მილიონს ლარს აღემატება.

ანგარიში სავაჭრო დღის გახსნის მომენტში გამოქვეყნდა, სწორედ, ამან განაპირობა დადებითი მოლოდინები და შემდგომში აქციებზე ფასის ზრდაც. დღეს კომპანიის ერთ აქციაზე ფასი 12,63 გირვანქა სტერლინგიდან 13,84 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 77 მილიონი სტერლინგით მოიმატა. 

მატების მიუხედავად კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით 73 მილიონი გირვანქა სტერლინგით უფრო ნაკლებია, ვიდრე ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენამდე. ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ფულის გათეთრების ბრალის წარდგენამდე კომპანიის კაპიტალიზაცია 835 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატებოდა, ამ დროისთვის კი 762 მილიონია. ერთი გირვანქა სტერლინგით მეტი იყო ფასი კომპანიის ერთ აქციაზე.

დღეს, უმნიშვნელოდ დაეცა საქართველოს ბანკის აქციების ფასი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 730,6 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 725,7 მილიონ სტერლინგამდე შემცირდა.

საგრძნობლად მოიმატა ფასმა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციებზე. ჯამური კაპიტალიზაცია 25 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა და 314,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა ქართული კაპიტალის აქციების ფასი, მატებამ 200 ათასი გირვანქა შეადგინა.

მძიმე იყო წინა სამუშაო კვირა ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ოთხივე ქართული კომპანიისთვის. 24 ივლისიდან 27 ივლისამდე, ოთხივე ქართული კომპანიის ინვესტორების ზარალი 200 მილიონამდე გირვანქა სტერლინგია. ქართული კომპანიების ჯამური დანაკლისი ეროვნულ ვალუტაში 700 მილიონ ლარს უახლოვდება. 

წყარო: ტაბულა 

ამავე თემაზე