
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის კვალი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეა, ცხედრების ტერიტორიიდან გადასვენების დროს დაიღვარა. საუბარია გურამიშვილის 78 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ორი ახალგაზრდის ცხედარი ერთ-ერთის მამამ იპოვა. სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეკი სისხლის წვეთებია.
ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ორი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ამოიღეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, რომელზეც სავარაუდოდ გამოძიებაც მუშაობს, ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც მეორე მამაკაცი დაიღუპა, ხოლო შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე წუხელ მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

