2019-07-16 10:51:43
"ქართულმა ოცნებამ ფსონი თავიდანვე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე დადო" - კარპენტერი

ქართულმა ოცნებამ ფსონი თავიდანვე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე დადო - ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"2008 წლის ომის შემდეგ ამ მთავრობამ, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, პოლიტიკური მომავალის ფსონი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე დადო - წელიწადში მილიონობით რუსი ტურისტი შემოჰყავთ, ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობებს აფართოვებენ, რუსებს საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის უფლებას აძლევენ. ერთის მხრივ, ამან იმუშავა - დაასტაბილურა ურთიერთობა, არ ყოფილა იმდენი უთანხმოება, რაც 2012 წლამდე იყო - მეორე მხრივ, საქართველოში ვხედავთ რუსული გავლენის ზრდას. ახლა, ამ აქციების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადის შეწყვეტა გადაწყვიტა, ამ ნაბიჯს ეკონომიკისთვის შედეგები მოჰყვება. ამან ქართველებს კითხვა გაუჩინა - მოიცადეთ, რუსული გავლენის წინააღმდეგ ჩვენ კიდევ ძალიან მოწყვლადები ვართ, ეს არის ის, რაც გვინდა? თუ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სხვა ბაზრების, ტურიზმის სხვა წყაროსა და პროდუქტებისთვის სხვა მიმართულების ძიება გვჭირდება? უნდა ვუყუროთ თუ არა რუსეთს უფრო სკეპტიკურად, ეჭვით და არ ვიჩქაროთ ამ ნორმალიზებისკენ, შევინარჩუნოთ სიწყნარე სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ფრთხილად ვუყუროთ ჩრდილოელ მეზობელს. ვფიქრობ, მოვლენები ამ მიმართულებით მიდის."

რუსულ გავლენაზე საუბრისას კარპენტერმა თქვა, რომ ოკუპაციის პარალელურად, ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ეს ნორმალიზების პოლიტიკა გააპროტესტა:

"რუსეთს ბორდერიზაციის პოლიტიკა აქვს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციის ხაზის უფრო ღრმად და ღრმად გადაწევას გულისხმობს. ამავდროულად, მისი მთავრობა თბილისსა და მოსკოვს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზაციას ცდილობს. ამრიგად, ორი პარალელური პროცესი ხდება ერთდროულად. რეალობაში, სოფლის მაცხოვრებლებს თავიანთ სახლებს წყვეტენ, თუმცა, ამავე დროს, მთავრობა ურთიერთობის ნორმალიზებას ახდენს და თავს აჩვენებს, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ამას ასე არ უყურებს. გასულ კვირებში თბილისში ჩვენ ვნახეთ უპრეცენდენტო პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და კონკრეტულად, ამ ნორმალიზების წინააღმდეგ, ვითომ რუსეთი არ ახდენდეს ოკუპაციას, როდესაც ნათლად ვხედავთ, რომ ახდენს, აუბედურებს ადამიანებს, მათ ცხოვრებას განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ე.წ. საზღვართან." - აღნიშნა კარპენტერმა.

საქართველოში ხანგრძლივი საპროტესტო ტალღა, რომელიც დღემდე გრძელდება 20 ივნისს, რუსი კომუნისტი დეპუტატების სერგეი გავრილოვის ჩამოყვანასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მის დასმას მოყვა. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ოთხი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს.

ამავე თემაზე